ჩვენს შესახებ

აღმასრულებელი დირექტორის მიმართვა
ირაკლი კოვზანაძე

2013 წელი შთამბეჭდავი იყო ფონდისთვის, ჩვენ პირველად და წარმატებით განვახორციელეთ გასლვა დასრულებული საინვესტიციო პროექტებიდან. საპარტნიორო ფონდის უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოში სტრატეგიული ეკონომიკური სექტორების განვითარებას და სწორედ ამ მიზნით, წელს მოხდა ინვესტირების სტრატეგიის გადახალისება, რომელიც დაგვეხმარება გამოვეხმაუროთ ახალ გამოწვევებს და მივაღწიოთ სამუშაო პროცესის მაქსიმალურ ეფექტიანობას.


საპარტნიორო ფონდი შეიქმნა სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის დარგებში მოქმედი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე და აღნიშნული საწარმოები წარმოადგენენ ფონდის საინვესტიციო კაპიტალის ძირითად წყაროს.


ინვესტირების სტრატეგია სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა - ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი პროექტების დაფინანსება, კომერციულად მიზანშეწონილ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ზრდიან დაბანდებული ფულის ღირებულებას და პროექტების მდგრადობის შენარჩუნება.


საპარტნიორო ფონისთვის სტრატეგიული დარგებია წარმოება, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა. ინვესტირების სტრატეგიის თანახმად, ფონდი წარმოადგენს კერძო ინვესტორის საშუალო ან გრძელვადიან ფინანსურ პარტნიორს და აბანდებს კაპიტალს მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. ჩვენი მონაწილეობის მიზანია (ა) პროექტის/ბიზნესის რისკების გაზიარება ჩანასახის ფაზაში და (ბ) საჭირო კაპიტალის უზრუნველყოფა. ფონდი აბანდებს როგორც ახალი ბიზნეს ინიციატივების, ასევე არსებულ ბიზნეს პროექტებში და რჩება მინორიტარული წილის მფლობელ სტრატეგიულ პარტნიორად.


2013 წელს საპარტნიორო ფონდმა წარმატებით დაასრულა ორი პროექტი ტურიზმის სექტორში (სასტუმრო კომპლექსები) და ერთი სასოფლო-სამეურნეო პროექტი, რომელთა გასაშუალოებული უკუგების შიდა განაკვეთი (IRR) 19.7%-ის ტოლია. ამავე წელს დასრულდა გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სტრუქტურის შემუშავება და დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო წლის დასაწყისში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მეირ საპარტნიორო ფონდისთვის მინიჭებული BB- რეიტინგის შენარჩუნება, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.


დარწმუნებული ვარ, რომ გაწეული შრომა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება, კვლავაც დაეხმარება საპარტნიორო ფონდს მიზნების წარმატებით განხორციელებაში მრავალი წლის მანძილზე.