„საპარტნიორო ფონდი“ კომპანია „ვანრიკ აგროსთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

23 ოქტ 2018 0 3736

   

„საპარტნირო ფონდი“ ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, რომელიც კომპანია „ვანრიკ აგროს“ ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მედეა გულუას მცდარ ინფორმაციას ეყრდნობა. ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება „ვანრიკ აგროს“ ყოფილი თანამშრომლის მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ მისამართით გაკეთებული განცხადებები მაშინ, როდესაც მოსავლის აღების პროცესში აღნიშნული პიროვნება და კომპანიის სხვა თანამშრომლები საწინააღმდეგოს აცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ვანრიკ აგროში“ არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მენეჯმენტი შეიცვალა. კომპანიას მისი ყოფილი ხელმძღვანელის და თანადამფუძნებლის ირაკლი ფარცვანიას მმართველობის პერიოდში დაუგროვდა მრავალათასიანი სახელფასო და საბიუჯეტო დავალიანებები, ასევე, დიდი ოდენობით ვადაგადაცილებული საბანკო ვალდებულებები და გადაუხდელი დავალიანებები კრედიტორების მიმართ. იმ დროისათვის, კომპანიას სამომავლო ფუნქციონირებისთვის ფულადი რესურსი არ გააჩნდა და მიუხედავად კომპანიის დამფუძნებლების (ი. და ვ. ფარცვანიების) პირდაპირი ვალდებულებისა, მათი მხრიდან, ალტერნატიული ფინანსების მოძიება არ მომხდარა. შესაბამისად კრიზისული მდგომარებიდან გამოსვლის მიზნით, პარტნიორთა შეთანხმებით, კომპანია „ვანრიკ აგროს“ მენეჯმენტი შეიცვალა.

„საპარტნიორო ფონდი“ თავისი მანდატიდან გამომდინარე, საინვესტიციო ბიზნეს პროექტების მენეჯმენტში არ ერევა, ამ შემთხვევაშიც, დრო და რეკომენდაციები მისცა ინვესტორს ვითარების გამოსასწორებლად. მიუხედევად ამისა კომპანიაში არაფერი შეიცვალა. „საპარტნიორო ფონდმა“ მოსავლის გადარჩენის მიზნით  ამა წლის  მაისში  კომპანიაში დამატებით, მოკლევადიანი ინვესტირება განახორციელა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, მოსავლის აღება და მისი რეალიზაცია. „საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით, კომპანიაში მოხდა შემოსავლების მობილიზება, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარა ი. ფარცვანიას მმართველობის პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანებები და სრულად ანაზღაურდა კომპანიაში მუდმივად დასაქმებულთა მიმდინარე ხელფასები. უფრო მეტიც, კრეფის სეზონზე დამატებით დასაქმდა 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები და სრულად განხორციელდა მათ მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურება.

რაც შეეხება სტატიაში გამოთქმულ განცხადებებს, ახალი მენეჯმენტის მიერ დაცვის ყველა თანამშრომლის დათხოვნის შესახებ  სინამდვილეს არ შეესაბამება. ვინაიდან, კომპანიაში წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა ლურჯი მოცვის მოსავლის მოპარვის ფაქტები, დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება კომპანია „ალგანს“ დაეკისრა. უსაფრთხოების გაძლიერება დაცვის ძველი თანამშრომლების შენარჩუნებით მოხდა.

რაც შეეხება სტატიაში მოყვანილ ციფრებს ლურჯი მოცვის დაგეგმილ მოცულობებთან დაკავშირებით ( 120 ტონა), ისინი არარეალურ გათვლებს ემყარება. იქიდან გამომდინარე, რომ წინა მენეჯმენტის პერიოდში არ ხდებოდა სრულყოფილი აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება, ყოველ სეზონზე დაგეგმილზე 2-3-ჯერ ნაკლები მოსავალი მიიღებოდა. შესაბამისად, ვერც მიმდინარე წელს მოხდა დაგეგმილ მოცულობებზე გასვლა.

სტატიაში საუბარია, ასევე, დიდი ოდენობით მოცვის დატაცებაზე, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. ფონდმა პირველივე საეჭვო გარემოების შენიშვნისთანავე მყისიერად აცნობა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპისთვის მხოლოდ მცირე რაოდენობის ცარიელი ყუთების პლანტაციებიდან დაკარგვის შესაძლო ფაქტი იკვეთება.

თუკი რომელიმე ყოფილი, ან ამჟამინდელი თანამშრომელი ფლობს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას, „საპარტნიორო ფონდი“ მოუწოდებს, აცნობოს სამართალდამცველებს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები