საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „ ვაშლის ჩიფსების“ პრეზენტაცია გამართა

27 დეკ 2018 0 533

   

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „ვაშლის ჩიფსების“ პრეზენტაცია გორის რაიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში გამართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, „საპარტნიორო ფონდისა“ და გამარჯვებული პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

„მე ვამაყობ იმითი, რომ ჩვენ დავაფინანსეთ პროექტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ინოვაციურია. საქართველოში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი დიცი მალე ცნობილი ამ სტარტაპის მასშტაბურობით გახდება. უფრო მეტიც, ახალგაზრდა სტარტაპერები ვაშლის ჩიფსების გარდა, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსის დამზადებასაც გეგმავენ. ქართულმა სტარტაპმა საერთაშორისო ბაზრების ინტერესი გამოიწვია და დიცში წარმოებული ვაშლის ჩიფსი ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებზეც გავა,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.   

„ვაშლის ჩიფსები“ საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ ერთერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური ბიზნეს პროექტია, რომლის საშუალებითაც საქართველოს ერთერთ ყველაზე აქტუალურ რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს, შეიქმნა ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ქართული პროდუქტის საწარმო. იდეისა და შრობის ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორები აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

პროექტი გულისხმობს ინოვაციური შრობის ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების წარმოებას, რომელიც სტანდარტული ჩიფსების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა. იდეის განსახორციელებლად შერჩეული ინფრაწითელი შრობის ტექნოლოგია სრულიად უსაფრთხოა. მისი უპირატესობა ისაა, რომ პროცესის მიმდინარეობისას ნედლეულიდან მხოლოდ წყალი შრება და ვაშლში არსებული სასარგებლო ნივთიერებები უცვლელი რჩება.

შედეგად, მიიღება სასარგებლო და ხრაშუნა ვაშლის ჩიფსები, ზეთში შეწვისა და ყოველგვარი დანამატების გარეშე. ახალი ქართული პროდუქტი რადიკალურად განსხვავდება მსოფლიო ბაზარზე არსებული ხილის ჩიფსებისგან, რომელთა დამზადების ტექნოლოგია სხვადასხვაგვარია. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 000 ლარს შეადგენს, საიდანაც „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსება 90 000 ლარია. ამ ეტაპზე საწარმოში 11 ადამიანია დასაქმებული. ისინი ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლები არიან. „სტარტაპ საქართველოს" პრიორიტეტი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა. მმწარმოებლები პროდუქციისთვის ვაშლს, 10 ადგილობრივი ფერმერისგან ყიდულობს. დღეს ვაშლის ჩიფსების შეძენა შესაძლებელია პრემიუმ კლასის სუპერმარკეტებში.

კომპანია ახლო მომავალში  ჩიფსების ბოსტნეულისგან დამზადებას გეგმავს, რაც ასევე ინოვაციური მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ ვაშლის ჩიფსები გაგზავნილია ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, როგორც ჯანსაღმა, 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტმა.

„სტარტაპ საქართველოს“ ამ ეტაპზე 93 გამარჯვებული ყავს. მათ შორის, 73 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები