სტარტაპ საქართველო

ინოვაციური კომპონენტი

ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა ჯგუფს, რომელთაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა. დასაშვებია ნებისმიერი სფეროს/დარგის დაფინანსება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

ინოვაციური იდეა გულისხმობს - ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის, ან მომსახურების დანერგვას.

ბიზნეს იდეა უნდა იყოს ეკონომიკურად დასაბუთებული და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი.

„სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ არის შეზღუდული.

განმცხადებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროექტში ფულადი და არაფულადი ფორმით, ამასთან, განმცხადებლის ფულადი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ფულადი ბიუჯეტის სულ მცირე 10%–ს.

კომპანიის წილის 45% განმცხადებელს გადაეცემა ბიზნეს იდეის სანაცვლოდ, ხოლო დარჩენილი წილის განაწილება ხდება პროპორციულად, კაპიტალშენატანების შესაბამისად. მინიმალური სავალდებულო თანამონაწილეობის პირობებში ერთობლივ საწარმოში (სტარტაპ კომპანიაში) ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს სულ მცირე 50,5%–ს.

„სტარტაპ საქართველო" რჩება ერთობლივ საწარმოში პარტნიორად არა უმეტეს 10 წლის ვადით, ამასთან ვადა ინდივიდუალურია თითოეული პროექტისათვის, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. ბენეფიციარის მიერ წილის გამოსყიდვა უნდა მოხდეს მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებულ ვადაში. ბენეფიციარს ენიჭება „სტარტაპ საქართველოს“ წილის გამოსყიდვის უპირატესი უფლება. გამოსყიდვის ფასი შეადგენს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ ინვესტირებულ თანხას დამატებული წლიური 10% რთული დარიცხვის მეთოდით, ფაქტიური ვადის გათვალისწინებით.

უზრუნველყოფის სახით ბენეფიციარს არ მოეთხოვება რაიმე სახის პირადი ქონება, უზრუნველყოფას წარმოადგენს მხოლოდ სტარტაპ კომპანიის აქტივები.