დავით საგანელიძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დავით საგანელიძე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2023 წლის სექტემბრიდან იკავებს.

მას მდიდარი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის, საფინანსო, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებებით:

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამდე, 2015 წლიდან, იგი აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა სს „საპარტნიორო ფონდს“.

თავისი კარიერული საქმიანობის პერიოდში იყო „თი-ბი-სი ბანკის“ დირექტორთა საბჭოსა და „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, ქართულ-ინგლისური სააქციო საზოგადოება GHF-ის პრეზიდენტი, „ტრანსკავკასიური კლუბის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

2013 წელს იგი „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 2015 წლიდან დღემდე არის PABSEC-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი „აბრეშუმის გზის“ პროექტებში და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი, პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ხელმძღვანელი.

2017-2023 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიას საქართველოს მხრიდან; იყო ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „Huale International“ მრჩეველ-კონსულტანტი; არის საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს უფროსი მრჩეველი.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქირურგის სპეციალობით (1977-1983). სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის ონკოლოგიურ სამედიცინო ცენტრსა და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, აგრეთვე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. მინიჭებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრ-კორესპონდენტი. ასევე, დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკის (1995-1998), შემდეგ კი – იურისტის (1998-2001) სპეციალობით. არის ათენის, ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნეს სკოლების კურსდამთავრებული.

1999 წლიდან იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან და საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფებს. იყო ავსტრალიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის, ესპანეთის  სამეფოს, თურქეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების წევრი. 2012 წლიდან VIII მოწვევის პარლამენტში აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად. 2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

დავით საგანელიძე 2 წიგნისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.