„ქართული ზეთისხილის“ კომპანიის პლანტაციები და საწარმო მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს

25 დეკ 2018 0 501

   

„ქართული ზეთისხილის“ კომპანიის პლანტაციები მედიის წარმომადგენლებმა  მოინახულეს. ჟურნალისტებმა ზეთისხილის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა და საწარმო პროცესი დაათვალიერეს.

კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძე მედიის წარმომადგენლებს ზეთისხილის თვისებებისა და კომპანიის გაფართოების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. ქართული ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, „ქართული ზეთისხილის“ კომპანია გაფართოებას და  დამატებით 1000 ჰექტარზე პლანტაციების გაშენებას გეგმავს.

„რეგიონისთვის ზეთისხილის პლანტაციების გაფართოება დამატებით დასაქმების წყარო გახდება და განვითარების სტიმულს გააჩენს. ზეითუნის ზეთის წარმოების ზრდა 800-დან 1000 სამუშაო ადგილს შექმნის, გაიზრდება საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო მსოფლიო რუკაზე ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყნად მოინიშნება. ქართული  ზეთისხილი მაღალი ხარისხისა და დაბალი მჟავიანობის გამო, საექსპორტო ბაზრებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია“, განაცხადა მედიასთან გიორგი სვანიძემ.

„შეგახსენებთ, რომ ჩინეთში „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ქართული ზეთისხილის ექსპორტთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთანხმება ჩინეთის უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან შედგა. ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ქართველი მეწარმეები იღებდნენ მონაწილეობას, ქართული ნატურალური პროდუქტების მიმართ ჩინეთის იმპორტიორი კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი გაჩნდა. მათ შორის, ქართულ ზეითუნის ზეთზე. „საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით, ჩვენ ძალიან მოკლე ხანში შევძელით ჩინეთის უდიდეს ბაზარზე გასვლა. ამისთვის ჩვეულებრივ 7-8 წელია საჭირო“, განაცხადა გიორგი სვანიძემ. მისი თქმით, ქართულ ზეითუნის ზეთზე მოთხოვნა დიდია, საექსპორტო პროდუციის რესურსი კი ამ ეტაპზე – მცირე. სწორედ ამიტომ, კომპანია დამატებით, პლანტაციების გაშენებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ზეთისხილის კულტურის განვითარება. ჩნდება დამატებითი შემოსავლები, რაც პირდაპირპროპორციუად აისახება ადგილობრივების ცხოვრების დონეზე. კახეთის რეგიონის კლიმატურ პირობებში საუკეთესო ხარისხის ზეთისხილის მოყვანაა შესაძლებელი, შესაბამისად, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა შეგვეძლოს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„ქართული ზეთისხილის“ კომპანიის პლანტაციები და საწარმო პროცესი მედიის წარმომადგენლებმა  „საპარტნიორო ფონდის“ მიერ კახეთში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“ გამართულ მედია სემინარის ფარგლებში დაათვალიერეს.

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში პირველი ქართული ზეთისხილის  წარმოება გასულ წელს დაიწყო. საწარმოში ორი სახეობის ზეთისხილის ზეთი (შავი და თეთრი) უმაღლესი სტანდარტებით, ცივი დაწურვის ტექნოლოგიით ისხმება. „ქართული ზეთისხილის კომპანიას“ ზეთისხილის ბაღები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია დღეს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს, დაფასოებულ ზეთისხილს და საპონს უშვებს. პლანტაციებსა და საწარმოში დაახლოებით 800-მდე ადამიანია დასაქმებული. ქართული ზეითუნის ზეთი დღეს ქსელურ მარკეტებში კარფურის ნიშნით იყიდება.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები